top of page
White Background

ჩვენ შესახებ

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram

EAGT-ს (ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაცია) მიერ აკრედიტებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი” (სეგი) კავკასიის მასშტაბით, ფსიქოთერაპიის სფეროში, ევროპაში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტია, რომელმაც ინსტიტუციურ დონეზე მიიღო საერთაშორისო აღიარება – მის 2016 წლის კურსდამთავრებულებს, პირველებს საქართველოსა და კავკასიაში, მიენიჭათ ევროპული EAGT აკრედიტაციები ფსიქოთერაპიის სფეროში (www.eagt.org).
ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი, EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. მან შემოიტანა და გაავრცელა საქართველოში გეშტალტთერაპიული მეთოდი; ინსტიტუციურ და საუნივერსიტეტო დონეზე დანერგა გეშტალტ თერაპიის სწავლება; დაწერა და გამოსცა გეშტალტ თერაპიის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო – „ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია“ (2007); მეორე სახელმძღვანელოს გამოცემა „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ეგიდით“ განხორციელდა. იგი, პროფესორების დიმიტრი ნადირაშვილის და თეა გოგოტიშვილის თანაავტორობით დაიწერა. ეს ორი ადამიანი, „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ხელმძღვანელები, საქართველო-კავკასიის მასშტაბით პირველი EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები არიან, რომელთაც ქართული ფსიქოლოგიური და გეშტალტთერაპიული სკოლის მიღწევები საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში გააქვთ.

საქართველოს ეროვნული გეშტალტის ინსტიტუტის შექმნას ვრცელი ისტორია აქვს. იგი დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიას“ და მის მიერ დაარსებულ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას უკავშირდება.
1943 წელს დიმიტრი უზნაძემ საბჭოთა კავშირში პირველი ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დააარსა, მას შემდგომში დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ეწოდა. სწორედ ამ ინსტიტუტში, 1990-იანი წლებიდან, კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას დიმიტრი ნადირაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი თავის გუნდთან ერთად იკვლევდა სოციალური განწყობის ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს ფსიქოთერაპიის და მათ შორის გეშტალტთერაპიის სფეროში. უკვე 1990 წლებში, მან დ. უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის პროგრამაში შეიტანა გეშტალტთერაპიის თეორია და მეთოდოლოგია და ამ დროიდან, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დაარსებამდე (2011), ასწავლიდა გეშტალტთერაპიას „თბილისის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის“, მოგვიანებით კი – „ზოგადი, გამოყენებითი და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის“ სტუდენტებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებული ამ ინსტიტუტების კურსდამთავრებულები, თავიანთი საქმიანობის სხვადასვა სფეროში – ორგანიზაციებში, სკოლებში, სამედიცინო და სხვა დაწესებულებებში ავრცელებდნენ გეშტალტ მიდგომას. ასე თანდათან, საქართველოში გეშტალტთერაპია იკრებდა ძალას.
ევროპული ინტეგრაციის გზაზე დამდგარ საქართველოში, ფსიქოთერაპიის სფეროში ევროპული პროფესიული სტანდარტის დანერგვის მიზნით, მან 2011 წელს დააფუძნა „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“, სადაც გეშტალტ თერაპიის საერთაშორისო დონეზე სწავლება დაიწყო.
ინსტიტუტში დაფუძნებიდან დღემდე, ყოველწლიურად რეგისტრირდება ფსიქოთერაპიის შესწავლის და ევროპული ცენზის მიღების მსურველთა ჯგუფები. ხორციელდება EAGT სტანდარტის პროგრამა, რომლის წარმტებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები იღებენ ევროპულ აკრედიტაციას – EAGT სერტიფიკატებს და საერთაშორისო პროფესიულ აღიარებას.

© 2022 Aleksi Tsverava for GNGI

bottom of page