
მეთოდის შესახებ
ტექსტის ავტორები – სეგის ხელმძღვანელები,
პროფესორები დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი

გეშტალტ თერაპია თანამედროვე ფსიქო-კონსულტრიების, ფსიქოთერაპიის მიმართულებაა. იგი ფართოდ გამოიყენება ინდივიდუალური, ოჯახის, წყვილების, ბავშვების, მოზარდების, ორგანიზაციებისა და ბიზნესის ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში.
გეშტალტ თერაპია გასცდა „ფსიქოლოგიური მკურნალობის“ საზღვრებს. იგი მიმართულია პიროვნული განვითარებისა და ზრდის პროცესზე. ამ მხრივ ის ფსიქიგოლოგიური მეცნიერების, მედიცინის, ფილოსოფიის მონაცემებს ემყარება. ამასთან გეშტალტ თერაპია, გარკვეულწილად ხელოვნების სფეროსაც განეკუთვნება, რადგან ფსიქოთერაპევტის შემოქმედებითი მიდგომა აუცილებელია კლიენტის წარმატებით დახმარებისთვის.
„გეშტალტი“ (Gestalt), ქართულად – მთლიანობა, გერმანული სიტყვაა. იგი ფართო მნიშვნელობით გამოიყენება (აღნიშნავს სრულყოფილ ფორმას, ინტეგრაციას). ფსიქოთერაპიასა და ფსიქო-კონსულტირებაში, ტერმინს „გეშტლალტი“პიროვნების გამთლიანობის მნიშვნელობა ენიჭება. მეთოდის საფუძველია ადამიანის მიმართ ჰოლისტიკური (მთლიანობითი) ხედვა. გეშტალტ თერაპია „ნაწილებად დაშლილი პიროვნების“ გამთლიანებას ისახავს მიზნად. იგი საკუთარ თავთან, თუ გარემოსთან დაპირისპირების გადალახვაზე, ადამიანის ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური სფეროების ჰარმონიზაციაზეა მიმართული.
გეშტალტთერაპია უაღრესად ეფექტური, სწრაფმოქმედი მეთოდია. იგი ეხმარება ადამიანს კონფლიქტების გადაჭრაში, უცვლელი პრობლემური რეალობის მიმართ განწყობის შეცვლაში, ნევროზული სიმპტომების (შფოთვა, პანიკა, ფობია, დეპრესია, აკვიატება, რიტუალური მოქმედებები, დეპერსონალიზაცია – დერეალიზაციის განცდა, ძილის პრობლემები) დაძლევაში, შინაგანი სისუსტის აღმოფხვრაში, პიროვნული რესურსების აქტივაციასა და მიზნების მიღწევაში. გეშტალტ თერაპიის საშუალებით ადამიანი სწავლობს სტრესის მართვას, ემოციური დისკომფორტის გადალახვას, „კონტაქტის ტექნიკას“, წარმატებულ კომუნიკაციას, კონფლიქტეიბის თავიდან აცილებისა და მოგვარების ტაქტიკას. გეშტალტ თერაპია ახდენს თვითრეგულაციის უნარის განვითარებას; ადამიანს გამოცდილებაში ეძლევა, თუ როგორ დაძლიოს შფოთვა, დისკომფორტი და შეუწყოს ხელი თავის ბედნიერების განცდას და ჰარმონიით ცხოვრებას.
ის ფაქტი, რომ გეშტალტთერაპიული მეთოდოლოგია, თავისი უნივერსალური პოტენციალით ფართო და მრავალმხრივი ცვლილებებს იწვევს, იძლევა შესაძლებლობას გამოყენებულ იქნას ადამიანის ყოფიერების თითქმის ყველა სფეროსა და ნებისმიერ ასაკში.
გეშტალტ თერაპიის მეთოდოლოგიური საფუძვლები
ამ თანამედროვე ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობას საფუძველი XX საუკუნის 40-იან წლებში ჩაეყარა. მისი ფუძემდებელი ფრიდრიხ სოლომონ პერლსია (1893-1970), რომლის თეორიულმა ნაშრომებმა, ხოლო შემდგომში ძალზე პოპულარულმა ჯგუფების ფსიქოთერაპიულმა ტრენინგებმა ახალ თერაპიულ მოდელს მისცა დასაბამი. თუმცა, მრავალ პიროვნებას მიუძღვის წვლილი გეშტალტ თერაპიის განვითარებაში, ცენტრალურ ფიგურად მაინც ფრიდრიხ (ფრიც) პერლსი რჩება, მისი სახელი უშუალოდ ასოცირდება გეშტალტ თერაპიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპია ორიგინალური მეთოდია, მის ჩამოყალიბებაზე მრავალმა მიმდინარეობამ იქონია ზეგავლენა. მათ შორისაა ფსიქოანალიზი. თავად პერლსი ამ მიმდინარეობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა, შემდეგ კი ფსიქოანალიზური პრაქტიკით იყო დაკავებული. ფროიდის გარდა, მასზე დიდი გავლენა იქონია ვილჰელმ რაიხის შეხედულებებმა – სხეულზე ორიენტირებულმა კონცეფციამ, ე. წ. “წინააღმდეგობის თეორიამ”; განსაკუთრებით ნევროზულ პროცესში სხეულის ჩართულობის და ზოგადად ბიოენერგეტიკის საკითხებმა.
პერლსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გეშტალტ ფსიქოლოგიამ, რომელიც ვერტჰაიმერის, კელერის, გოლდშტაინის, ლევინის ნაშრომებშია გადმოცემული. კერძოდ, პიროვნების მთლიანობისა და ფიგურა-ფონის იდეა სწორედ ამ გერმანული ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციიდანაა შეთვისებული. ზოგადფსიქოლოგიური გახდა ის მთავარი აზრი, რომ მთელს ახასიათებს ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც მის ნაწილებში არ მოიძებნება; ეს შეხედულება გეშტალტ ფსიქოლოგიური თეორიიდანაა აღებული და ფსიქოთერაპიაში რეალიზირებული.
გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბება-განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ეგზისტენციალისტურმა ფსიქოლოგიამ. გეშტალტ თერაპიას ბევრი აქვს საერთო ფსიქოანალიზთან და ზოგ სახელმძღვანელოში ის ფსიქოანალიზის სახესხვაობადაა მოხსენიებული. მაგრამ ადამიანის ბუნებისა და ყოფიერების განცდის ახსნის თვალსაზრისით, აწმყოზე ორიენტაციით (აქ და ამჟამად ყოფნის რეალიზაციით). გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდი ეგზისტენციალური მიმდინარეობის მოდელს წარმოადგენს. აშკარაა ნათესაობა ისეთ ეგზისტენციალისტებთან, როგორებიცაა: ბოსი, ბინსვანგერი, ჰაიდეგერი, მასლოუ. პერლსი თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს კურტ გოლდშტაინს, აბრაჰამ მასლოუს, რომელთა შემოქმედებაშიც მან თვითაქტუალიზაციის ცნებას მიაქცია ყურადღება. ამასთან დაკავშირებით პერლსი მოიხსენიებს ჰერტრუდ სტაინს (Gertrude Stein) და მის ნაშრომს „ვარდი არის ვარდი“, რომელშიც არსებობის და თვითრეალიზაციის ეგზისტენციალური ხედვაა წარმოჩენილი.
თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ეგზისტენციალური მსოფლმხედველობის სამი მსხვილი მიმართულებაა. ესენია: გეშტალტ თერაპია, ფრანკლის ლოგოთერაპია და ბინსვანგერის ეგზისტენციალური ანალიზი. მაშინ, როდესაც ფრიც პერლსი თავის ფსიქოთერაპიულ მიმართულებას სახელს არქმევდა, მისი მეუღლე ლორა პერლსი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში, კატეგორიულად უარყოფდა სახელს “გეშტალტ თერაპია” და მიაჩნდა, რომ სახელწოდებაში სიტყვა “ეგზისტენციალური” უნდა ყოფილიყო. ამ საყვედურში უდაოდ ბევრია რაციონალური. მრავალთა აზრით, გეშტალტ თერაპიის კავშირი გეშტალტფსიქოლოგიასთან ფორმალურია, ის მთლიანად ეგზისტენციალიზმის სულითა და პათოსითაა გაჟღენთილი. თუმცა თავად პერლსი გეშტალტის პარადიგმის, ადამიანის ბუნების ჰოლისტურად გაგების მომხრე იყო, რაც თერაპიული მოდელის დასახელებაშიც აისახა.
პერლსის თანაავტორები და კოლეგები, რალფ ჰეფერლაინი და პოლ გუდმენი ამბობენ, რომ ცხოვრებაში არსებობს სპეციფიკური “გეშტალტური განწყობები”, ისინი უკვე აღმოსავლურ მოძღვრებებშია აღწერილი. გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ძენ ბუდიზმმაც. ადამიანის ბუნების სრულყოფა-განვითარება, საკუთარი სუბსტანციის წვდომა და სამყაროსთან ჰარმონიზაციის იდეები ძველი ინდურ-ჩინური მოძღვრებიდან მომდინარეობს. თავად პერლსიც, ბერლინელი სათვალიანი აკადემიური მეცნიერი, ამ ზემოქმედების ძალით სიბერეში გარდაიქმნა თეთრხალათიანი, წვეროსანი, მომღიმარი ინდოელი მოხუცის გარეგნობის მქონე გურუდ.
მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპიამ ამდენი განსხვავებული მიმართულების გავლენა განიცადა, იგი მკაფიო ინდივიდუალობის ერთ სისტემად შეკრული ფსიქოთერაპიული მოდელია. გეშტალტ თერაპია დღესაც იცვლება, ვითარდება. დღევანდელი მიმდევრები მას თანამედროვე სახეს ანიჭებენ, გამოყენების ახალ ჰორიზონტებზე გაჰყავთ.
გეშტალტ თერაპიაში მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელია: რალფ ჰეფერლაინი, პოლ გუდმენი, ირვინ და მირიამ პოლსტერები, კლაუდიო ნარანჰო, ჯერი ა. გრინუოლდი, ჯონ ბ. ენრაიტი, ლორა პერლსი და სხვანი, რომლებიც მრავალი საინტერესო ნაშრომის ავტორები არიან. მაგრამ ამ ფსიქოთერაპიული მოდელის ჩამოყალიბებაში მაინც განსხვავებული და უნიკალურია ფრიც პერლსის წვლილი.
გეშტალტის ბუნება
გარემო მოლეკულებისგან შედგება, მაგრამ ფიზიკურ სამყაროს ჩვენ მთლიანი ფორმების, გეშტალტების სახით აღვიქვამთ.
პიროვნების თეორიისა და ფსიქოთერაპიული მოდელის არსს განსაზღვრავს ის, თუ როგორ ესმის მას ადამიანის ბუნება. იმის გამო, რომ გეშტალტ თერაპიაზე გავლენა მრავალმა მიმდინარეობამ იქონია, პიროვნების გაგების მისეული ხედვა განსხვავებულ მსოფლმხედველობათა ანარეკლია. ამის მიუხედავად, ის მაინც ორიგინალური, არაეკლექტიკური ფსიქოთერაპიული მიმდინარეობაა.
პერლსი ღიად აცხადებდა, რომ მას ნაკლებად აინტერესებს თეორიული შეხედულებები, მისი ყურადღება გადატანილია ადამიანის არსებობის უშუალოდ წვდომაზე და მოქმედის გამოცდილებაზე. მიუხედავად ამისა, პერლსის ნააზრევში ბევრი რამ სწორედ ფილოსოფიური და მსოფლმხედველობრივია. მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც გეშტალტ თერაპევტი ადამიანის ქცევის გასარკვევად სვამს, არის: “როგორ?” და არა “რატომ?”, როგორც ეს ფსიქოანალიზშია. ამით ხაზგასმულია ადამიანის თავისუფლების ხარისხი, რომ პიროვნებას საკუთარ პოტენციალზე დაყრდნობით შეუძლია ცვლილების შეტანა რეალობაში.
პერლს ეკუთვნის თეთრ ლექსად დაწერილი დევიზი, ხუმრობებით ე. წ. “გეშტალტთერაპევტის ლოცვა”, რომელშიც გადმოცემულია ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისა და რეალობისადმი:
მე ეს მე ვარ, შენ კი შენ ხარ.
მე ჩემსას ვაკეთებ, შენ კი _ შენსას.
მე იმისთვის არ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე,
რომ შენს მელოდინებს შევესატყვისებოდე.
შენ იმისთვის არ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე,
რომ ჩემს მოლოდინებს შეესატყვისებოდე.
შენ ხარ შენ, მე კი მე ვარ.
თუკი მოხდა ასეთი რამ, რომ
ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი _ ეს მშვენიერია.
თუკი არა _ ამას ვერაფერს უშველი.
ამ ტექსტის ფილოსოფიური აზრი არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას მოითხოვს. მასში ხაზგასმულია, რომ პიროვნებამ საკუთარი თავი თვითონ უნდა გააცნობიეროს და საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს. ეს ერთგვარი პროტესტი და პასუხია იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება კულტურის, რელიგიის, საზოგადოების, პოლიტიკის, მასის, ოჯახის მხრიდან.
ამავე დროს მასში ნაჩვენებია ურთიერთობის, კონტაქტის მნიშვნელობა და სპეციფიკა. თუ რამდენად დიდი ცვლილების, შთაბეჭდილების მომტანია ღრმა კონტაქტის მქონე ურთიერთხედვა. მეორე მხრივ, რამდენად დამთრგუნველი და დამანგრეველია თავსმოხვეული, იძულებითი დამოკიდებულებანი, რომელთა მნიშვნელობის გამართლებასაც ახდენს ტოტალიტარული, არატოლერანტული საზოგადოება.
ტექსტში ნაჩვენებია პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, სიცოცხლესთან, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ურთიერთობაში. ის არსებობის საზრისს ბადებს და პიროვნული ზრდისა და განვითარების საფუძველია.
გეშტალტ თერაპიის კონცეფცია ადამიანის ჰოლისტურ გაგებას ეყრდნობა. მისთვის მიუღებელია ადამიანის დანაწევრებითი შესწავლა როგორც გონების-ორგანიზმის, სულის-სხეულის, გრძნობა-აზროვნების, ნებელობა-მოქმედებისა და სხვა. ჰოლისტური მიდგომა უარყოფს როგორც დუალიზმს, ისე მთელისა და მისი ნაწილების მექანიკური ჯამის ტოლობას. სხეული, გონება და სული მთლიანი ორგანიზმის ასპექტებია. გეშტალტ თერაპია ეფუძნება ვერტჰაიმერის დებულებას: `არსებობს მთელი, რომლის ქცევა არ განისაზღვრება მისი ცალკეული ელემენტებით. ასეთი მთელის ნაწილში მიმდინარე პროცესები თავადაა განსაზღვრული მთელის შინაგანი ბუნებით. ადამიანი ერთიანი ორგანიზმია და ის ყოველთვის ფუნქციონირებს, როგორც მთელი. არ არსებობს მე, რომელსაც აქვს სული, სხეული და გონება. ამის სანაცვლოდ არსებობს მე, როგორც ორგანიზებული მთელი. ჯანმრთელი ორგანიზმი არის არსება, რომელიც გრძნობს, აზროვნებს, მოქმედებს. ემოციებს აზროვნებითი, მოქმედებითი, ფიზიოლოგიური, გრძნობითი ასპექტები აქვს. მენტალური აქტიურობა მთლიანი პიროვნების აქტიურობაა, რომელიც ენერგეტიკის უფრო დაბალ დონეზე მიმდინარეობს, ვიდრე ეგრეთ წოდებული ფიზიკური აქტიურობა. ადამიანის ქცევის მენტალური და ფიზიკური მხარეები არაა ურთიერთდამოუკიდებელი მოცემულობა, რომელსაც შეუძლია არსებობა ერთმანეთისაგან ან ადამიანისაგან მოწყვეტით~.
გეშტალტფსიქოლოგებმა თავის დროზე აღწერეს მრავალი მაგალითი, რომელიც მთელისა და ნაწილის მიმართებას განსაზღვრავს. ფურცელზე ცალ-ცალკე წერტილები მხოლოდ წერტილებია, მაგრამ თუკი მათ გარკვეული თანმიმდევრობით განვალაგებთ, ისინი წრეს შექმნიან. თავისთავად წრეში არსებული წერტილი მხოლოდ წერტილია, მაგრამ, ამ თანმიმდევრობით განლაგებულნი, ერთ მთლიან გეშტალტად აღიქმებიან, ისინი წრეს ქმნიან. წრეს შეიძლება ჩვენ გარკვეული წერტილების რაოდენობა გამოვაკლოთ, მოვშალოთ. მიუხედავად ამისა, დარჩენილი რაოდენობა ერთ მთლიან წრედ აღიქმება, წრედ, რომელსაც წერტილების რაღაც ნაწილი აკლია. ამ შემთხვევაში წრე ახალი ფორმაა, წერტილთა ერთიანობის მახასიათებელია, რომელიც წერტილში, როგორც ნაწილში არ არსებობს. ანუ მთლიან წრეს აქვს ის, რაც მის შემადგენელ ნაწილებში არ არსებობს. არცერთ ცალკე აღებულ წერტილში, რომელთაგანაც წრე შედგება, არ არსებობს წრისთვის დამახასიათებელი რამ.
იგივე შეიძლება ითქვას ფინჯანი ყავისა და მის შემადგენელ ნივთიერებათა შესახებ, რომელსაც დილით მივირთმევთ. სასმელი, რომლის კომპონენტებიცაა ყავა, რძე და შაქარი, ხასიათდება გემოთი, რომელიც არც ცალკე ყავაშია, არც რძეში და არც შაქარში. ხოლო მათი სინთეზის შედეგად თვისებრივად ახალი რამ წარმოიქმნება, რომელიც არცერთი შემადგენელი ნაწილის გემოზე არ დაიყვანება. ამ პროდუქტების სინთეზით მიღებული გეშტალტი ახალი მთლიანობაა, რომელიც მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი ან მათი გემოს მექანიკური ჯამი.
გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა იქონია პერლსის თანამედროვის, ფილოსოფოს ზიგნუმდ ფრაიდლანდერის ნააზრევმა, რომელიც გადმოცემულია ნაშრომში `შემოქმედებითი ინდიფერენტობა~. ამ ნაშრომში გადმოცემულია დიფერენცირებული აზროვნების ცნება, რაც დიალექტიკურ, ანუ საპირისპიროთა ურთიერთმიმართებაში აზროვნებას გულისხმობს. პოლარული ურთიერთსაპირისპირო ელემენტები არსებობას იწყებს დიფუზური ნულოვანი წერტილიდან გამოდიფერენცირების სახით. ყოველი მოვლენა უკავშირდება ნულოვან წერტილს, რომლიდანაც ისინი ურთიერთსაპირისპირო ელემენტებად გამოდიფერენცირდება. მათთვის სპეციფიკურ კონტექსტში ეს ურთიერთსაპირისპირო ელემენტები ერთმანეთს იზიდავს. თუკი პიროვნება ცენტრში ყოფნისას ცნობიერების სიფხიზლეს შეინარჩუნებს, შესაძლებელია, შემოქმედებითი უნარის მეშვეობით, ორივე საპირისპირო მხარის დანახვა და დაუსრულებელი ნახევრების დასრულება. ამ დროს შესაძლებელია მოვლენათა აღქმის ცალმხრივად ხედვის დაძლევა და ორგანიზმის სტრუქტურისა და ფუნქციების ღრმად წვდომა.
ამ იდეას დაოიზმში და ძენ ბუდიზმშიც ვხვდებით ურთიერთსაპირისპირო საწყისთა _ იინისა და იანის ერთიანობის სახით; საპირისპირო ელემენტები უფრო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ვიდრე სხვა ელემენტები. დაპირისპირებულთა სახით აზროვნება ადამიანის ორგანიზმისთვის ღრმად ჩანერგილი, ბუნებრივი ტენდენციაა. საპირისპირო ელემენტებად დიფერენციაცია ჩვენი ფსიქიკის არსებითი თვისებაა.
საპირისპიროთა ზოგადი ცნების კონკრეტული შემთხვევა ორგანიზმული ბალანსის ანუ ჰომეოსტაზის ცნებაა, რომლის მიხედვითაც ყოველ ცოცხალ ორგანიზმს წონასწორობისკენ სწრაფვა ახასიათებს. ის, თუ რომელი მოთხოვნილება გახდება დასაკმაყოფილებელი, განისაზღვრება მისი შესაბამისობით ორგანიზმის თვითშენარჩუნების მოთხოვნილებასთან და საკუთარი პოტენციალის აქტუალიზაციის, ანუ ზრდის მოთხოვნილებასთან. გეშტალტ თერაპიის მიხედვით ყოველ ცოცხალ ინდივიდს, ცხოველს თუ მცენარეს ერთი ბაზისური თანდაყოლილი ლტოლვა აქვს, ესაა საკუთარი თავის აქტუალიზაციის, ზრდის მოთხოვნილება, რაც საკუთარი არსის, შინაგანი ბუნების პოტენციალის გაშლას, განფენას, განხორციელებას გულისხმობს.
ჰომეოსტაზის მდგომარეობა და წონასწორობის აღდგენა ასე მიმდინარეობს. ორგანიზმი მოთხოვნილებას განიცდის, რის გამოც კონტაქტს ამყარებს გარემოსთან და იკმაყოფილებს მოთხოვნილებას გარემოდან ენერგიის ასიმილაციის მეშვეობით. ჯანსაღ ორგანიზმში მუდმივად მოქმედებს შემდეგი ციკლი: ორგანიზმში რაიმეს დეფიციტი აღძრავს მოთხოვნილებას, მოთხოვნილება იწვევს უწონასწორობას, უწონასწორობა იწვევს დეფიციტის შემავსებელი საგნის ძიებას გარე რეალობაში, საჭირო საგანი რეალობის ფონიდან მოთხოვნილების ძალით ფიგურად გამოდიფერენცირდება. ფიგურასთან აგრესიული კონტაქტი ასიმილაციის გზით მოთხოვნილების დაკმაყოფილებას იძლევა. ეს განაპირობებს წონასწორობის აღდგენას. ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა დაუსრულებელი სიტუაციების ანუ არასრული გეშტალტების უსასრულო რაოდენობა. როგორც კი ერთი სიტუაცია დასრულდება, მაშინვე ახალი სიტუაცია იჩენს თავს. ჯანსაღი ინდივიდი წარმატებით დაასრულებს თითოეულ სიტუაციას, დაასრულებს თითოეულ არასრულ გეშტალტს და ამ პროცესში პიროვნულ ზრდას განიცდის.
პერლსი, განსაკუთრებით ადრეულ ნაშრომებში, პიროვნების ფორმირებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინსტინქტებს. ფროიდმა თავის თეორიაში დიდი როლი მიანიჭა სექსუალურ ინსტინქტს, ხოლო მისი თეორიის განვითარების მეორე ეტასზე აგრეთვე _ სიკვდილის ინსტინქტს: სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები დაპირისპირებულია. ფროიდმა მოახდინა პიროვნების სექსუალური განვითარების კლასიფიკაცია, რომლის შეფერხებები თუ ჰარმონიულად გავლა განსაზღვრავს ადამიანის პიროვნულ სახეს. პერლსმა გაიზიარა სექსუალური ინსტინქტის მნიშვნელობა, მაგრამ, თავის მხრივ, გამოყო და მნიშვნელოვნება მიანიჭა შიმშილის ინსტინქტსაც. შიმშილის ინსტინქტი მოიცავს შემდეგ სტადიებს: პრენატალური, დაბადებამდელი სტადია; ძუძუმწოვარა ბავშვის წინადენტალური სტადია; კბილების ამოსვლის სტადია, როდესაც ვითარდება კბენის უნარი; მოლარული სტადია, როდესაც ვითარდება კბეჩისა და ღეჭვის უნარი. სექსუალური სტადიების მსგავსად, ამ სტადიების ბუნებრივი თუ ანომალიური განვითარების ცოდნა ინფორმაციას გვაძლევს, თუ როგორია ჩამოყალიბებადი პიროვნება. შიმშილის ინსტინქტის სტადიები პიროვნების ფსიქოლოგიურ თვისებებს განსაზღვრავს. მაგალითად: 1. წინადენტალური სტადია _ მოუთმენლობას; 2. კბილის ამოსვლის სტადია _ დესტრუქციასა და აგრესიას; 3. მოლარული სტადია _ ასიმილაციას. შედეგად, შიმშილის ინსტინქტი განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს. გეშტალტ თერაპიაში დამუშავებულია სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც შიმშილის ინსტინქტის განვითარების სტადიებში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელადაა მიმართული.
გეშტალტ თერაპიაში თავდაცვისა და აგრესიის პროცესებზეცაა ყურადღება გამახვილებული. თავდაცვა საკუთარი თავის გადარჩენისთვის განხორციელებული ინსტინქტური აქტივობაა. ცოცხალ სამყაროში თავდაცვის მრავალი გამოვლინება არსებობს. ცხოველის ნიჟარა და ჯავშანი _ თავდაცვის მექანიკური ფორმაა. გაქცევა _ დინამიკურ-მოტორული ფორმაა, გველის შხამი _ სეკრეტორული ფორმა, მტრის მოახლოების ყნოსვითი შეგრძნება _ სენსორული. თავდაცვის მსგავსად, აგრესიაც მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქციაა. მისი საშუალებით ორგანიზმი გარემოსთან კონტაქტს ამყარებს, რათა საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, გადალახოს ის სიძნელეები, რომლებიც ამ პროცესში ეღობება. ჯანმრთელი აგრესიის მიზანი დესტრუქცია არაა, იგი წინააღმდეგობათა ძალისხმევით გადალახვას ემსახურება. ხეზე ჩამოკიდებული ვაშლის დასაუფლებლად ადამიანმა, გეშტალტ თერაპიული თვალსაზრისით, აგრესია უნდა გამოავლინოს, რათა შეცვალოს არსებული ვითარება და ნაყოფი შიმშილის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მოიპოვოს. რომ არა ეს აგრესიული აქტივობა, სიტუაცია არ შეიცვლება, ვაშლი ხეზე დარჩება. კბილები ადამიანის აგრესიის ბიოლოგიური გამოვლინებაა. კბეჩა და ღეჭვა ორალური აგრესიის სახეებია, რომლითაც საკვები პროდუქტი მექანიკურად დაიშლება და მისაღები ფორმით გადამუშავდება. ეს პროცესი შიმშილის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება.
გეშტალტ თერაპია თანამედროვე საზოგადოებას ასეთ დიაგნოზს უსვამს: ადამიანები იტანჯებიან, ერთი მხრივ, ინდივიდუალური აგრესიის ვერ გამოხატვის გამო, მისგან ვერ განთავისუფლება ნევროზულ პრობლემებს იწვევს; მეორე მხრივ, ადამიანები სხვებთან ერთად კოლექტიურ აგრესიაში არიან ჩათრეულები, რაც ასევე დამთრგუნველია მათთვის. ფროიდის აზრით, აგრესიის სუბლიმაცია შესაძლებელია სპორტში, შემოქმედებაში, ფიზიკურ აქტივობაში. გეშტალტ თერაპიის მიხედვით, დენტალური აგრესია რამდენიმე პოზიტიურ მიზანს ემსახურება. ამ დროს ადამიანი თავისუფლდება ნევროზული გაღიზიანებისაგან, არ იტანჯება შიმშილითა და უგუნებობით; იცის, რომ რაღაც კარგი გააკეთა თავისი ჯანმრთელობისათვის.
გეშტალტი, ფიგურა და ფონი
გეშტალტ თერაპია ხუთ ძირითად თეორიულ პოსტულატს აერთიანებს. ესენია: ფიგურისა და ფონის მიმართება, აწმყოს გაცნობიერება და მასზე კონცენტრირება, ურთიერთსაპირისპიროთა ერთიანობა, დაცვითი ფუნქციები, მომწიფება და პასუხისმგებლობა.
გეშტალტფსიქოლოგები, შეისწავლიდნენ რა აღქმის პროცესს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს პროცესი კანონზომიერადაა სტრუქტურირებული და რეგულირებული. კერძოდ, ადამიანის აღქმა ისეა ორგანიზებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სენსორული ინფორმაცია გარკვეული მიმართულებით იყრის თავს, რაც აღქმის ველში ფიგურას ქმნის, რომელიც გამოიყოფა დანარჩენი ველისგან, ე. წ. ფონისგან, რომელიც მეორე, უკანა პლანი ხდება. ეს პრინციპი ერთნაირად მოქმედებს ვიზუალური, აკუსტიკური, კინესთეტიკური აღქმის ყველა მოდალობაში. მკაფიოდ გამოიკვეთება ერთი მხრივ ფიგურა, ხოლო მეორე მხრივ ფონი.
გეშტალტ თერაპიის მიხედვით, ადამიანი მოქმედებს თვითრეგულაციის პრინციპით. აქტუალურ, მნიშვნელოვან მოთხოვნილებათა შესაბამისი საგნები აღქმის ველში ფიგურად იქცევიან, ხოლო მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ამ საგნებს ფიგურის სტატუსი ეკარგება, ანუ ისინი ფონში ექცევა, ხოლო მათ ადგილს ახალი აქტუალური მოთხოვნილების შესაბამისი ფიგურა იკავებს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი ცხოვრებაში საჭირო ფიგურებზე ახდენს კონცენტრაციას, რომელთა მიღმა ფონია. ის არააქტუალურ შინაარსებს მოიცავს. მათ აღმქმელი ადამიანი აქტუალური მოთხოვნილებიდან გამომდინარე `აცოცხლებს~, ფიგურად გარდაქმნის. შედეგად, მათთან კონტაქტით, მოთხოვნილებას იკმაყოფილებს.
როგორც კი მოთხოვნილება დაკმაყოფილდება, გეშტალტი დასრულდება, ფიგურას მიმზიდველობა ეკარგება, ის ფონს უბრუნდება და ადგილს უთმობს ახალ ფიგურას. გეშტალტის ფორმირებისა და დასრულების რიტმი განსაზღვრავს ადამიანის ნორმალურად ბუნებრივ ფუნქციონირებას, თვითრეგულაციას.
ფიგურას, მიუხედავად მოდალობისა, რომელშიც ის აღიქმება, ახასიათებს ფორმა, რელიეფურობა, რომელიც იპყრობს ყურადღებას. შესაძლებელია მისი დაკვირვება და შესწავლა იმ საზღვრებში, რომლებიც მას ფონისაგან გამოყოფს. `ფიგურა არსებობს, აღიქმება იმ ფარგლებში, რომლითაც ის გამოიყოფა დანარჩენი ფონისგან. ფიგურას, მოთხოვნილებიდან გამომდინარე, გარკვეული `მაგნიტიზმი~ აქვს, რითაც ის იზიდავს აღმქმელს. ფონი ამ მიზიდვის უნარით არ გამოირჩევა. ის, ფიგურისგან განსხვავებით, არააქტუალურ, პასიურ შინაარსებს შეიცავს, რომლებიც ყურადღების ფოკუსის მიღმა რჩება.
მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც აღქმულ ობიექტს ახასიათებს, ესაა `ფიგურის დასრულებისკენ სწრაფვა~ ანუ `პრეგნანტობა~. აღმქმელი, როგორც აღმოჩნდა, ასტრუქტურებს, აკორექტირებს ფიგურას, ავსებს მის ნაკლს. მაგალითად, წერტილების ერთობლიობა გარკვეული მდებარეობით აღიქმება წრედ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთობლიობა არაა წრე; წრედ აღიქმება მაშინაც კი, თუკი ზოგ წერტილს მოვაცილებთ და `წრე~ საკმაოდ დაწყვეტილი გახდება. აღქმა თავად დაასრულებს ამ დაუმთავრებელ გეშტალტს.
ეს აღქმის ერთგვარი ინსტინქტია. ხშირად ცხოვრების რეალობა არ ემთხვევა იმ დასრულებულ გეშტალტს, რომელიც, ჩვენი განწყობებიდან გამომდინარე, არასწორად, მაგრამ დასრულებულად აღიქმება. ეს პრეგნანტობის კანონზომიერებიდან გამომდინარეობს.
ფსიქოთერაპიის დროს გეშტალტთერაპევტი დიდ ყურადღებას აქცევს კლიენტის განცდებში ფიგურა-ფონის ურთიერთმონაცვლეობის პროცესს, როგორც პრობლემის დიაგნოზის, ისე მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით. ადამიანებს პრობლემები უჩნდებათ როგორც ფიგურაზე სათანადოდ ვერ კონცენტრირების გამო, ასევე იმისდა მიხედვით, თუ როგორი ფონი აქვთ ფიგურის მიღმა. დაწვრილებით ამ პრობლემას ჩვენ შემდგომში განვიხილავთ. აქ მხოლოდ ერთ მაგალითს აღვწერთ. ერთი და იმავე რეალობაში განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვაგვარად მოიქცევიან. სიკეთის გამოვლენას ადვილად შეძლებს ჰუმანური ფონის მქონე და ძნელად _ ადამიანი, რომელსაც სადისტური შინაარსები აქვს თავისი გამოცდილების ფონში. ეს იმიტომ, რომ გარკვეული ფიგურა სწორედ ფონიდან შეიძლება ამოტივტივდეს და გამოიკვეთოს.
ფონს, თავის მხრივ, აღზრდა-განათლების პროცესში ქმნის ცხოვრებისეული ორიენტირები, რელიგია, ფილოსოფია, მორალი, ფასეულობანი. ამითაა გამოწვეული და გამართლებული, როდესაც აღზრდის პროცესში ბავშვს ვასწავლით ხელოვნებას, კულტურას, მეცნიერებას, ენებს, სპორტის სახეობებს. ეს ყველაფერი საბოლოოდ მისი პიროვნების ფონს განსაზღვრავს, ცხოვრებისეულ ეპიზოდებში, ყოველდღიურობაში გარკვეული შინაარსები ფიგურად იქცევა. თუკი ადამიანს მდიდარი, კარგად ორგანიზებული ფონი აქვს, მას უადვილდება სასურველი ქცევა და გარემოსთან ურთიერთობა, განსხვავებით მათგან, ვისაც მწირი, ღარიბი, ან არაორგანიზებული ფონი აქვთ. ამ თვალსაზრისით, წარსული გამოცდილება, ანუ ფონი განსაზღვრავს `აქ და ახლა~ გარკვეულ ფიგურასთან რა კონტაქტი განხორციელდება და რა _ ვერა.
ასევე მნიშვნელოვანი ყურადღებამისაქცევი მოვლენაა დაუმთავრებელი გეშტალტი, კერძოდ, დაუმთავრებელი საქმე. აღნიშნულ ფენომენზე საინტერესო გამოკვლევა აქვს ჩატარებული კურტ ლევინს. ამ ეფექტს, ლევინის მოწაფის პატივსაცემად, `ზეიგარნიკის ეფექტს~ უწოდებენ.
ლევინის ეს ექსპერიმენტები ყოფით სიტუაციებში ტარდებოდა. ოფიციანტებს, მიუხედავად დროის ინტერვალის სიდიდისა, კარგად ახსოვდათ კლიენტის გადასახდელი თანხა მანამდე, სანამ ის ამ თანხას გადაიხდიდა, ხოლო ამ გადახდის შემდეგ ისინი ვეღარ იხსენებდნენ გადასახდელი თანხის ოდენობას. იგივე ხდებოდა სასტუმროს შვეიცარებთან. მათ კარგად ახსოვდათ კლიენტის საცხოვრებელი ოთახის ნომერი, სანამ ისინი დაქირავებულ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ფულის გადახდისა და ოთახის გათავისუფლების შემდეგ დაკავებული ოთახის ნომერი ავიწყდებოდათ. გეშტალტ თერაპიის ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანებს შინაარსები კარგად ახსოვთ, სანამ გეშტალტი დასრულდება, ხოლო დასრულების შემდეგ ადვილად ავიწყდებათ, რადგან მათთვის ახალი გეშტალტის შინაარსი გახდა აქტუალური და მნიშვნელოვანი. გეშტალტის დასრულება კი ნიშნავს სათანადო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი).
არსებობს მრავალი ფაქტი, როდესაც აღნიშნული ეფექტი ადამიანებს გადაულახავ პრობლემებს უქმნის და საჭირო ხდება ფსიქოთერაპიული დახმარებაც კი. მაგალითად, როდესაც მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია, ან ქცევა აკრძალვის გამო შუა გზაში შეწყვეტილია. ამის მიზეზი დაუმთავრებელი პიროვნულად მნიშვნელოვანი გეშტალტია.
ამ დროს ორი მძაფრი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. ერთი გამოიხატება აკვიატებაში, რომლის დროსაც ერთი და იგივე ფიგურა `გაჩხერილია~ ფონში. არ ხდება მოთხოვნილებისამებრ ფიგურის ფონში დაბრუნება და ახალი ფიგურის წარმოქმნა. მეორე პრობლემა გარე სიტუაციებიდანაა გამომდინარე. ხშირად გარემო ისეა ორგანიზებული, რომ ადამიანს არ ეძლევა საშუალება, დაასრულოს მოთხოვნილებიდან მომდინარე ქცევა. მას სულ ახალ-ახალი პრობლემები ხვდება გადასალახი, რის გამოც დაუმთავრებელი ქცევები უჩენს პრობლემებს. მაგალითად, სამსახურში გამოუხატავი ემოცია შეიძლება აგრესიად გამოვლინდეს ოჯახში. ხელმძღვანელის მიმართ ართქმული წყენა გამოიხატება ოჯახის წევრთან ან შემთხვევით გამვლელთან.
ფონი ის მარაგი, ის ოკეანეა, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის ფიგურის ფორმირებას. ადამიანი თავად არეგულირებს, ასწორებს, ცენზურას უკეთებს ფონში არსებულ შინაარსს. ფსიქოანალიზმა დამაჯერებლად აჩვენა, თუ როგორ წარმოქმნის განდევნილ არაცნობიერ სფეროს ცნობიერებიდან რეპრესირებული შინაარსები.
გეშტალტთერაპევტი ხშირად პრობლემას აწყდება იმ მხრივ, რომ კლიენტი თავის ფონში არსებული მოთხოვნილების დასარეგულირებლად მნიშვნელოვანი შინაარსების უგულებელყოფას, განდევნას ახდენს. ამის გამო შეუძლებელი ხდება კონტაქტში შესვლა, ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების ფოკუსში მოქცევა. ფონი ამ დროს გამოუყენებელია, ის ე. წ. `ხვრელებს~ მოიცავს, რომელთა შინაარსიც ინდივიდისთვის უცნობია. ამ დროს გეშტალტთერაპევტის ამოცანაა, გააცოცხლოს თეთრ ლაქად ქცეული ფონის ნაწილი, ინდივიდის ცნობიერებას დაუბრუნოს მისი დაფარული, განდევნილი შინაარსი.
კონტაქტი
კონტაქტი გეშტალტ თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. გეშტალტ თერაპიას სხვანაირად კონტაქტზე ორიენტირებულ მიდგომადაც განიხილავენ, რომლის ამოცანაა ადამიანის უკონტაქტობის მდგომარეობის განსაზღვრა, დიაგნოზი, იმ მიზნით, რომ კონტაქტი აღდგეს. კონტაქტი – ესაა „მე“-სა და არა „მე“-ს შორის (რომელშიც იგულისხმება სხვა ადამიანი ან ობიექტი) მიმართება, რომლის დროსაც „მე“ იკმაყოფილებს მნიშვნელოვან, საჭირო, აქტუალურ მოთხოვნილებებს. შედეგად, „მე“ იზრდება კონტაქტით მიღებული შინაარსის ასიმილირებით.
პიროვნებათშორისი ურთიერთობის დონეზე რომ განვიხილოთ, ადამიანის ურთიერთობას მეორე ადამიანთან ორი უკიდურესობა ემუქრება. ერთია იზოლაცია, როდესაც ადამიანი კონტაქტს წყვეტს მეორესთან, განიზიდავს და ამის გამო ვერაფრის ასიმილირებას ვერ ახერხებს. თუ ადამიანს სჭირდება კონტაქტი, ის კი განიზიდავს მეორე ადამიანს იმის მაგივრად, რომ მიიზიდოს, კონტაქტში შევიდეს მასთან, ასეთი ქცევა სტაგნაციას, პიროვნული ზრდის შეფერხებას იწვევს. ამის საპირისპირო უკიდურესობაა, როდესაც ერთი ადამიანი ერწყმის მეორეს. ამ შემთხვევაში ადამიანს ეკარგება თავისი საზღვრები. ამიტომ კონტაქტის მაგიერ ითქვიფება, იკარგება სხვის საზღვრებში ისე, რომ მათ შორის, როგორც ერთეულებში, კონტაქტი არ არის. ამგვარი შერწყმა კონტაქტსაა მოკლებული, შედეგად არ ხდება საჭირო ასიმილირება და პიროვნული ზრდა. ამ ორი მდგომარეობისგან განსხვავებით, როდესაც ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ თავს და სხვას, მის საზღვრებს, მაშინ ინდივიდს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მიიზიდოს ან განიზიდოს სხვა სუბიექტები, კონტაქტი დაამყაროს მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ ობიექტთან და მოახდინოს მისთვის საჭირო შინაარსების ასიმილაცია. ასე ხდება პიროვნული ზრდა კონტაქტის მეშვეობით.
კონტაქტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დამოუკიდებელ არსებებს, ერთეულებს შორის, იზოლაცია და შერწყმა ყოველთვის მახესავითაა კონტაქტის გზაზე.
როგორია ბავშვის ბუნება კონტაქტის უნარის თვალსაზრისით? სანამ ბავშვი დედის მუცელშია, იგი არ არის ფიზიკურად დამოუკიდებელი არსება, ის დედის სხეულის გაგრძელებაა, მაგრამ დაბადება და ჭიპლარის გადაჭრა მხოლოდ ფიზიკურ დამოუკიდებლობას ანიჭებს ბავშვს; ფსიქოლოგიურად მან ბევრი რამ უნდა ისწავლოს, აითვისოს, რათა დამოუკიდებლობა მოიპოვოს. მიუხედავად ამისა, ჩვილ ბავშვს უკვე აქვს გარეშე ობიექტებთან კონტაქტის დამყარების თანდაყოლილი უნარი. ეს გამოიხატება მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელ ობიექტთან მიახლოებაში, მიზიდვაში, ხოლო ხელიშემშლელი ობიექტებისგან განზიდვაში, განშორებაში. ჯანმრთელი ორგანიზმი კარგად ახორციელებს კონტაქტს, ანუ მიზიდვა-განზიდვის აქტებს, რის შედეგადაც გარემოს საჭირო ობიექტების ასიმილაციას ახდენს. ნევროტიკი ვერ ახორციელებს გარემოსთან საჭირო კონტაქტს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იმის მაგიერ, რომ მიიზიდოს საჭირო ობიექტი, იგი განზიდვას ახდენს და პირიქით _ ობიექტი, რომლის განზიდვაა საჭირო, მიიზიდება. შედეგად მოთხოვნილებები, რომლებიც დაკმაყოფილებას საჭიროებს, დაუკმაყოფილებელია. ამის გამო ადამიანი პიროვნულად არ იზრდება. სტაგნაცია რეგრესს იწვევს.
როგორც აღვნიშნეთ, სრულფასოვანი კონტაქტი ადამიანისგან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოუკიდებლობას მოითხოვს. ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობის არარსებობის მაჩვენებელია ის, რომ მაგალითად, პატარა გოგონა სამყაროს დედის თვალით უყურებს. მისთვის არ არის დამახასიათებელი, გამოხატოს საკუთარი მოთხოვნილებები, აზრები; თუ რა მიაჩნია სასიამოვნოდ, კარგად, ან ცუდად; მისაღებად, ან მიუღებლად. მისი დამოკიდებულება იმეორებს დედის ქცევებს და არ შეესაბამება საკუთარ თავს. ასეთი მდგომარეობა გარემოსთვის, სოციუმისთვის შეიძლება მოსაწონი და მისაღები იყოს, მაგრამ მიუღებელია თავად პატარას ორგანიზმისთვის, მისი პიროვნული მთლიანობისთვის. შედეგად ამგვარი ბავშვი გარე რეალობასთან საჭირო კონტაქტს ვერ ახორციელებს. ეს პრობლემა გარკვეულ ეტაპზე თუ არ დაიძლია და ქრონიკულად გაგრძელდა, შედეგები შეიძლება ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტრავმებში გამოიხატოს.
კონტაქტი ორგანიზმის ფუნქციაა, რომელიც გარკვეულ მიმართებას გულისხმობს. ის „მე“-ს საზღვარზე ხდება და მოითხოვს, ერთი მხრივ, საკუთარი „მე“-ს საზღვრის გაცნობიერება-განცდას, მეორეს მხრივ – კონტაქტში შესული ობიექტის ანუ არა „მე“-ს საზღვრის განცდა-გაცნობიერებას; ანდა – იმისა, რისი ასიმილირებაც ხდება. კონტაქტის ამგვარი აქტის შედეგად „მე“-ს ნაწილი ხდება ის, რაც მანამდე „მე“-ს არ ეკუთვნოდა. „მე“ სწორედ კონტაქტის საზღვარზე აცნობიერებს საკუთარ თავს, საკუთარ საზღვარს და სხვას, როგორც ამ საზღვრის იქით მყოფს. კონტაქტის გარეშე თავად „მე“-სთვის შეუძლებელია, განიცადოს საკუთარი თავი საკუთარ საზღვრებში.
ადამიანის „მე“-ს საზღვრების ინდივიდუალობა განსაზღვრავს მისი ცხოვრების წესს, თუ რა ტიპის ადამიანებთან რა სახის ურთიერთობებია მისთვის დამახასიათებელი. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთნი ჩაკეტილნი, იზოლირებულნი არიან საკუთარ საზღვრებში, გაურბიან სხვის საზღვრებში შეჭრას. მეორენი მუდმივად რისკავენ, ცდილობენ, გააფართოვონ საკუთარი საზღვრები, კონტაქტში შევიდნენ გარე ობიექტებთან. „მე“-ს საზღვრის გაფართოება ყოველთვის ურთიერთსაპირისპირო განცდებთანაა დაკავშირებული. ერთი მხრივ – შიშთან, რომ ახლისკენ ლტოლვამ არ დააზარალოს, გადაულახავი სიძნელეები არ შეუქმნას; მაგრამ, მეორე მხრივ, საზღვრის გაფართოება აცოცხლებს აზარტს, მხნეობას ანიჭებს ადამიანს, უფრო ძლიერს, უფრო მეტის შემძლეს ხდის მას.
ზოგადად სიახლე, სხვის საზღვრებთან კონტაქტი ხშირად გარემოს მხარდაჭერას მოკლებულია. ინდივიდის აქტივობა და საზღვრების გაფართოება ჯგუფისგან, სოციუმისგან შეიძლება პროტესტს, უკმაყოფილებასაც იწვევდეს. ამიტომ თუკი ინდივიდი ასეთი ქცევისთვის გარემოსგან ნების დართვას ელის, შესაძლებელია, ეს მან არც მიიღოს. პიროვნული ზრდა, „მე“-ს საზღვრების გაფართოება – თავისუფლების მოპოვების პროცესია. ვისაც ჰგონია, რომ თავისუფლება ვიღაცამ გარედან უნდა აჩუქოს, მიანიჭოს, მას მწარედ ეშლება; ეს პროცესი ყოველთვის მძაფრ ბრძოლასთანაა დაკავშირებული. ადამიანმა ბოლომდე არ იცის, თუ რით დამთავრდება პროცესი – მარცხით თუ წარმატებით. ამ დროს ინდივიდის მოტივაციას, საკუთარი თავის რწმენას უდიდესი როლი აქვს.
სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, ბიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის ადამიანს ესაჭიროება ღრმა კონტაქტი როგორც გარე რეალობასთან, ისევე საკუთარ „მე“-სთან. ადამიანს ძალუძს მე-ს შიგნით შინაარსებზე კონცენტრირების გაცნობიერება. შეუძლია დაკვირვების სუბიექტიც იყოს და ობიექტიც. ხშირად იმისათვის, რომ გარე რეალობასთან სასურველი კონტაქტი დამყარდეს, აუცილებელია იმის გაცნობიერება, თუ რა მოთხოვნილებები, ფასეულობები საჭიროებს რეალიზებას და ამის შესაბამისად გარე რეალობაში კონტაქტების ძებნა.
სოციალური ადამიანი დიდ ყურადღებას უთმობს პიროვნებათშორის კონტაქტებს. ცხოვრების კომფორტულად მოწყობა ფასეული, მნიშვნელოვანი კონტაქტების ორგანიზებას გულისხმობს.
როგორც აღვნიშნეთ, გარემოსთან კონტაქტი „მე“-ს საზღვარზე განიცდება და ხორციელდება. პიროვნება, რომელიც გარკვეულ საზღვრებში მოიაზრება, შეიძლება აღვწეროთ, როგორც: სხეულის საზღვრები, ფასეულობათა საზღვრები, ჩვეული გამოვლინების საზღვრები. მოკლედ შევეხოთ თითოეულ მათგანს.
ჩვენი სხეულის საზღვრები მოიცავს ორგანიზმს კანის ზედაპირს, სხეულის ორგანოებს. იდეალში ჩვენ კარგად უნდა ვგრძნობდეთ სხეულის თითოეულ ნაწილს, მის შეგრძნებებს, ისინი უნდა აისახებოდნენ, ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ, წარვმართავდეთ სხეულის მოძრაობას. ჩვენი სხეული გარემოსთან ურთიერთობის დახვეწილი ინსტრუმენტი უნდა იყოს. საუბედუროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. ბავშვობის დროიდან მოყოლებული აკრძალვები, ცენზურა, დასჯა, თავსმოხვეული ნორმები, ცრურწმენები – ეს ყოველივე აუცხოებს ადამიანს თავისი სხეულისგან. ინდივიდუალური თერაპიული მუშაობის დროს იშვიათი არაა იმის გამოვლენა, რომ სხეულის მრავალი ნაწილი ცხოვრებისეულ სიტუაციებში გაუცხოებულია, არ შეიგრძნობა. მაგალითად, ინტერპერსონალური ურთიერთობის დროს ქალი განიცდის თავის და პირისახის ნაწილს, ხოლო შეგრძნებები კისერს ქვემოთ გაუცნობიერებელია. ხშირად ასეთი რამ ემართება სექსუალურ განცდებს. გაუცხოებული ადამიანი არაცნობიერად თრგუნავს სხეულში მიმდინარე შეგრძნების გამოხატვას, რადგან ოჯახი, სოციუმი ამისთვის ამა თუ იმ ფორმით სჯიდა მას. შედეგად ადამიანს ქცევაში ფიზიკური მთლიანობაეკარგება, იგი ისე გამოიყურება, თითქოს სხეულის ცალკეული ნაწილები მის კონტროლს არ ექვემდებარება. ასეთ დროს გეშტალტ თერაპიული დახმარება გულისხობს, რომ ადამიანმა გააცნობიეროს სხეულის `დაკარგული~ ნაწილები, რათა ისინი კვლავ გაერთიანდეს მთელში. ეს ესაჭიროება მათ, ვინც ვერ განიცდის სხეულის საზღვრებს, უჭირს რეალობასთან ადეკვატური კონტაქტი, სასურველი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
ადამიანს აქვს აგრეთვე ფასეულობათა საზღვრები. ეს ღირებულებებია, რომლებსაც იგი თავისად მიიჩნევს. ზოგი ახალგაზრდა განათლებითაა დაინტერესებული, მათი ინტერესთა სფერო საპროგრამო ცოდნით შემოიფარგლება; დიდ ყურადღებას არ უთმობენ სპორტს, მეგობრებს, საპირისპირო სქესთან ურთიერთობას. ამის საპირისპიროდ, სხვა ღირებულების მქონე ახალგაზრდები ძირითად დროს ქუჩაში ატარებენ, მათ ინტერესს არა სწავლა-განათლება, არამედ ცხოვრებისეული სიამოვნება, აზარტული თამაშები და ნარკოტიკები შეადგენს. ზოგადად შეიძლება გამოვყოთ მაღალი და დაბალი, ბიოლოგიური სოციალური, კულტურული, ესთეტიკური, რელიგიური ღირებულებები. მიუხედავად ამგვარი გრადაციისა, შეუძლებელია სტანდარტის განსაზღვრა, თუ რა ეტალონს უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ფასეულობები. ისინი ინდივიდუალური და სუბიექტურია, თუმცა საზოგადოებაში არსებობს შეფასების კრიტერიუმები, თუ რა მიიჩნევა საამაყოდ და რა _ გასაკიცხად.
ზოგადად, გეშტალტ თერაპია ახდენს საკუთარ ფასეულობათა საზღვრის გაშლა-გაფართოების, მაღალ ღირებულებებზე ორიენტაციის სტიმულირებას. თუმცა მაინც ყველაფერი თავად პიროვნების უნარსა და ტალანტზეა დამოკიდებული.
არსებობს ე.წ. ჩვეული ქცევითი საზღვრები. გამონათქვამი: „ჩვეული ჯოჯოხეთი მირჩევნია მიუჩვეველ სამოთხესა“ – სწორედ ადამიანის ამ მიჯაჭვულობაზე მეტყველებს.
უკვე ფროიდი „ფსიქოანალიზურ ეტიუდებში“ აღნიშნავდა სპეციფიკურ შიშს სიახლისადმი. ადამიანი ისე იქცევა თავისივე შემოვლებულ დემარკაციულ საზღვრებში, რომ თავისდა უნებურად საკუთარი თავის ტყვე ხდება. ამის გამო ადამიანები ატარებენ ერთი და იმავე სტილის ფეხსაცმელს, დასასვენებლად დადიან ერთსა და იმავე ადგილას, მიირთმევენ ერთი და იმავე ყაიდის საკვებს. კარგად ვერ აცნობიერებენ, რომ ამას მხოლოდ მიჩვევის გამო აკეთებენ და სრულებით არ მოსწონთ ის, რასაც ასე მიეჯაჭვნენ, არადა შესაძლებელია ორიენტირების შეცვლა, გაფართოება. ამით „მე“ ბევრ რამეს მოიგებდა, გაზრდიდა საკუთარ საზღვრებს და განვითარდებოდა.
ფრიდრიხ სოლომონ პერლსის ბიოგრაფია
ფრიდრიხ სოლომონ პერლსი დაიბადა ბერლინში 1893 წელს, საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ არა გერმანიაში ასიმილირებული ებრაელები, არამედ ორთოდოქსი მორწმუნე იუდეველები. ფრიც პერლსის მოწოდება შემოქმედება და მეცნიერება იყო, ამას ეკავა ცენტრალური ადგილი მის ცხოვრებაში. ფრიცმა სამედიცინო განათლება გერმანიაში მიიღო და სადოქტორო დისერტაცია ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაიცვა. 1926 წელს პერლსი გახდა გამოჩენილი გეშტალტფსიქოლოგის, კურტ გოლდშტაინის ასისტენტი. ამავე დროს იგი ინტერესდება ფსიქოანალიზით. ევროპაში ამ დროს ფსიქოანალიზის ბუმია. ფრიცი კარენ ჰორნისთან, ოტო ფენიხელთან ერთად ვილჰელმ რაიხის ხელმძღვანელობით გადის ფსიქოანალიზის კურსს. ამ პერიოდში პერლსი ფსიქოანალიზის წარმატებული პრაქტიკოსია. ზიგმუნდ ფროიდი მისი ერთ-ერთი მთავარი ავტორიტეტი და კერპია. როგორც ბუნებით სკეპტიკოსს, მას დაუსწრებლად მუდმივი ღია და ფარული კამათი აქვს ფროიდის მოძღვრებასთან. როგორც არამორწმუნე ებრაელისთვის, პერლსისავე თქმით, ფსიქოანალიზმა რწმენის ფუნქცია და ადგილი დაიკავა. ეს ნიშანდობლივი იყო არა მარტო მისთვის, არამედ ევროპელ ფსიქოანალიტიკოსთა მთელი პლეადისთვის. 1930-იან წლებში ევროპაში აპოკალიფსურ-კატასტროფული მოვლენები მოხდა. გერმანიაში ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ. ამ დროისთვის პერლსი დაოჯახდა, მისი მეუღლე მომავალში ცნობილი გეშტალტთერაპევტი ლორა პერლსია. პერლსი დადებითად აფასებდა მის დროულ გადაწყვეტილებას ემიგრირების თაობაზე. როგორც ეთნიკურ ებრაელს, მას გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკი და სიკვდილი ელოდა. იგი ოჯახთან ერთად, ავეჯითა და ბიბლიოთეკით, ჯერ ჰოლანდიაში გადასახლდა. შემდეგ, ფროიდის თანამოაზრისა და ბიოგრაფისტის, ერნესტ ჯონსის თაოსნობით, რომელიც ებრაელ ფსიქოანალიტიკოსებს მფარველობდა, 1934 წელს სამხრეთ აფრიკაში გადასახლდა. იგი იოჰანესბურგში მეუღლესთან ერთად ფსიქოანალიტიკური პრაქტიკით იყო დაკავებული.
1936 წელს პერლსმა მიწვევა მიიღო ფსიქოანალიზის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში გაიმართა. მას ესწრებოდა ფროიდი და მთელი ფსიქოანალიტიკური კოჰორტა. პერლსი ანთებული იყო ჟინით, ეკამათა და დისკუსიაში დაემარცხებინა ფროიდი. მისი თქმით, ეს მეტრის გაღმერთებიდან და თაყვანისცემიდან მომდინარეობდა. პერლსი ისე იყო შემართული მოხსენების წასაკითხად, რომ სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში საკუთარი თვითმფრინავით აპირებდა ჩაფრენას, როგორც პირველი ფსიქოანალიტიკოსი მფრინავი. საბოლოოდ ეს ნატვრა მას არ აუხდა და ევროპაში გემით ჩავიდა. პერლსი იმედგაცრუებული დარჩა ფროიდთან შეხვედრითაც, რომელთანაც მხოლოდ ოთხი წუთი მოახერხა ზერელედ ურთიერთობა.
მაშინ, როდესაც ევროპაში ომი იყო გაჩაღებული, პერლსის სამხრეთაფრიკული ცხოვრება იდილიად გამოიყურებოდა. იგი პაციენტებთან 50-წუთიან სესიებს ატარებს. ეუფლება თვითმფრინავით ფრენას და მარტო მოგზაურობს აფრიკისა და ინდოეთის ოკეანეში. პერლსმა გახსნა სამხრეთ აფრიკის ფსიქოანალიზური ინსტიტუტი. ფეშენებელურ რაიონში აიშენა სახლი კორტებით, აუზით, მომსახურე პერსონალით. მას ყინულის სასრიალო მოედანიც კი ჰქონდა. ეს ის დროა, როდესაც სამხრეთ აფრიკაში აპარტაიდის კანონებია და ევროპელი შავკანიანისგან ყოველმხრივ განცალკევებული და პრივილეგირებულია, მათ ერთ სახლში არ სძინავთ, სხვადასხვა ტუალეტები და თავშეყრის სხვადასხვა ადგილები აქვთ.
აქვე იწერება პერლსის ნაშრომი `ეგო შიმშილი და აგრესია~, რომელსაც პირველ გამოცემაში ეწოდებოდა `ფროიდის თეორიისა და მეთოდის გადაფასება~, ხოლო მეორე გამოცემაში მოინათლა, როგორც `გეშტალტ თერაპიის შესავალი~.
პერლსი ზუსტად იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ფსიქოანალიზთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა. ეს, მისი თქმით, მოხდა კეიპტჰაუნში, ბერძენი პრინცესა მარია ბონაპარტესთან საუბრისას, რომელიც ფროიდის ახლობელი და თანამოაზრე იყო. მასთან საუბარში პერლსმა გააკრიტიკა ფროიდის ლიბიდოს თეორია, რომელიც, მისი თქმით, უფრო რწმენის საკითხი იყო, ვიდრე მეცნიერებისა. შემდგომში პერლსი გეშტალტ თერაპიაში სექსუალურ ინსტინქტს შიმშილის ინსტინქტით ჩაანაცვლებს. მიუხედავად ამისა, პერლსი ოფიციალურად არ წყვეტს კავშირს ფსიქოანალიზურ ასოციაციასთან.
1946 წელს პერლსი საცხოვრებლად და სამუშაოდ შეერთებულ შტატებში გადადის. ის მოღვაწეობს ნიუ-იორკში, ლოს-ანჟელესში, სან-ფრანცისკოში. ძირითად მას ყოფნა კალიფორნიაში უწევს, იზელენში, სადაც ასწავლის და ცხოვრობს. პარალელურად მოგზაურობს იაპონიაში, სადაც ძენის სიბრძნეს ეუფლება. ამერიკაში იგი კომუნებში, საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც ჯგუფური თერაპიებით და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული პროცესებითაა დაკავებული.
1952 წელს ნიუ-იორკში აარსებს გეშტალტის ინსტიტუტს, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება. თავად პერლსი აღიარებული ფსიქოთერაპევტისა და ბრძენი გურუს რეპუტაციას იხვეჭს, რომლისთვისაც უცხო არაა თავისუფალი სექსი და ლ.შ.დ-ს გამოყენება. მისი ცხოვრება და აღიარების პერიოდი ემთხვევა ამერიკაში 1950-60-იანი წლების ახალგაზრდულ გამოსვლებს, სექსუალურ რევოლუციას და ჰიპების მოძრაობას. ამგვარი ფონი ნაყოფიერი აღმოჩნდა მსოფლიოში მისი და გეშტალტ თერაპიის პოპულარიზაციისათვის. პერლს წერა არ უყვარდა, მას ეკუთვნის მხოლოდ რამდენიმე წიგნი, ისიც სხვებთან თანაავტორობით (ამ წიგნებს მისი კონსულტაციით სხვები წერდნენ). ასევე, მაგნიტოფონის ფირზე ჩანაწერებიდანაა შექმნილი მისი ავტობიოგრაფიული რომანიც, სახელად `ნაგვის ყუთის შიგნით და გარეთ~. მისი სტიქია ადამიანებთან, ჯგუფთან უშუალო ურთიერთობა იყო, რაც ვიდეოსესიების სახით მრავალრიცხოვან ფირებებზეა აღბეჭდილი. იგი გატაცებული იყო აგრეთვე მხატვრობით.
პერლსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო ადგილსამყოფელი კანადის ვანკუვერნის კუნძული, ბრიტანეთის კოლუმბიაში იყო, სადაც მან გეშტალტის საზოგადოება დააარსა. პერლსი იქვე გარდაიცვალა 1970 წელს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში.